რედაქტორის რჩევით
არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
EUR
1
EUR
2.0153
RUB
100
RUB
5.0556
USD
1
USD
1.6511
15:01 / 03-10-2011
ქართული სოფელი, სადაც იშვიათად იღიმებიან
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.

დუშეთის რაიონში ერთი მიკარგული სოფელია, ვეძათხევი. აქ, სადაც სულ თვრამეტიოდე ოჯახი ცხოვრობს, უახლოეს 10-15 კილომეტრში ვერც საავადმყოფოს იპოვით, ვერც მაღაზიას და ვერც საშუალო სკოლას. მეწყრისა და სიძველისაგან ნახევრად დანგრეული სახლებიდან სკოლამდე ბავშვები ყოველდღე დაახლოებით 16 კილომეტრს გადიან.

წამოსვლამდე საგზლად ფუნთუშები იყიდეს და ახლა ერთმანეთს უყოფენ. ხელებზე ვაკვირდები. უხეში, ალაგ-ალაგ გადატყავებული კანი აქვთ. ასეთი ხელები მიწაზე მუშაობაში დაბერებულ ადამიანებს აქვთ ხოლმე... თვალები კი... თვალები, ცივი, გამჭოლი მზერით.
გზად ვიგებ, რომ ანა და ერთ-ერთი გიორგი და-ძმა არიან და ერთ კლასში სწავლობენ. მიკვირს, როგორ ასწრებენ გაკვეთილების მომზადებას? გიორგი მეუბნება, გაკვეთილებს მორიგეობით ვამზადებთ, რომ ერთმანეთს საქონლის მწყემსვაში შევენაცვლოთო. ესეც შენი უხეში ხელების საიდუმლო.

ბავშვები ცოტა დაიღალნენ და გამოგიტყდებით, არც მე მადგას კარგი დღე. ხის ძირას ვისვენებთ. იქვე წყაროსთან ვიკლავთ წყურვილს. დაგუბებული წყალია, შიგ რაღაცები დაცურავენ, მაგრამ რა ვქნა, თან ბავშვებმა უკვე დალიეს, და რაღა მე მომკლავს ეს ოხერი! მალევე ვაგრძელებთ გზას. ორი მდინარე უნდა გადავიაროთ, რომლებზეც არც ხიდია გადებული, არც მსგავსი რამ. ახლა შემოდგომაა და წყალი თითქმის დამშრალია, ამიტომ გადასვლა არ გაგვჭირვებია. მოგვიანებით გავიგე, წვიმების სეზონში ეს მდინარეები იმდენად დიდდება, რომ მათი გადალახვა შეუძლებელია.

ერთი აღმართიც და უკვე ვეძათხევში ვართ.  ჩემ თვალწინ შუა საუკუნეების სოფლის მსგავსი დასახლება გადაიშალა. მზისგან გამხმარი, ამტვერებული ბილიკები, ნახევრად ჩაწოლილი სახლები დაჟანგული სახურავებით. ელექტროგაყვანილობის ბოძი დიდი მავთულითაა დამაგრებული, რომ არ წაიქცეს. ყველგან მტვრისა და ნაკელის სუნი დგას. ირგვლივ სულ დამეწყრილი ადგილებია, წვიმისაგან ჩამორეცხილი ხეობები. სოფელში შესასვლელ ბილიკს ღრმად ეტყობა საქონლის ჩლიქების კვალი.

ამ სოფელში თითქმის ყველა ოჯახის მარჩენალი საქონელია. აბა, აქ არც სამსახური აქვს ვინმეს და არც არაფერი აბადია. გარემოს ვათვალიერებ. ირგვლივ სულ თივის ზვინებია, რომლებიც უკვე ლპება ცის ქვეშ უქმად დებისგან. თურმე სოფლიდან გასაყიდად გატანა უგზოობის გამო ვერ მოახერხეს.

ცოტა ხანში უფრო საზარელ ამბავს ვიგებ - გზის არქონის გამო როგორ დაეღუპათ ცხრამეტი წლის ბიჭი, რადგან სასწრაფო დახმარებამ სოფლამდე ვერ მოაღწია."არა, ამ სოფელში ცხოვრება შეუძლებელია. ვეძათხეველები საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას მაჩვენებენ, სადაც ვკითხულობ: "აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სერის ორივე მხარეს განვითარებულია მეწყრული პროცესები. 2006 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ გამოკვლევებთან შედარებით მეწყრული პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურდა... მეოთხეული ნალექები ძლიერ გატენიანებულია, რის გამოც შესუსტებული აქვს ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები..." ანუ, ჩემს ენაზე რომ გადავთარგმნო, აქ რომ ვიცხოვრო, თავის გასატანად უნაყოფო, ქვაღორღიანი მიწა უნდა დავამუშაო და თან ყოველდღე იმის შიშში უნდა ვიყო, რომ ადრე თუ გვიან მეწყერი ჩამყლაპავს.

სოფლის მოსახლეებმა არაერთხელ ითხოვეს დახმარება. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე სოფელი ჯერ დაზარალების მეოთხე, ხოლო ცოტა ხნის წინ პირველ კატეგორიაში შეუყვანიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოფელში ცხოვრება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მიგრაციის, რეპარაციისა და ლტოლვილთა განსახლების დეპარტამენტში დარეკვისას მეუბნებიან, რომ ვეძათხევისა და მისი მიმდებარე სოფლების საკითხზე მუშაობენ და ჯერ არავინ იცის, რა და როდის გადაწყდება. ამ მიკარგულ სოფელში კი ნახევრად ჩაწოლილ სახლებს ნელ-ნელა ძირს უთხრის მეწყერი. აქ დაღუპვის საშიშროება ყოველ ნაბიჯზეა. აქ ადამიანები იშვიათად იღიმებიან.

ავტორი - გიორგი გოგუა

სტატია ამ თემაზე იხილეთ "კვირის პალიტრის" საიტზე
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სხვა სიახლეები
კათოლიკოს-პატრიარქი სტამბულიდან დაბრუნდა
კათოლიკოს-პატრიარქი სტამბულიდან დაბრუნდა.
ავღანეთში დაღუპული სერჟანტი დავითაძე სოფელ კვირიკეში დღეს დაკრძალეს
ავღანეთში დაღუპული სერჟანტი დავითაძე სოფელ კვირიკეში დღეს დაკრძალეს.
"შეწყვიტეთ ლგბტ პროპაგანდა" - საპროტესტო აქცია ჰოლანდიის საელჩოსთან
"შეწყვიტეთ ლგბტ პროპაგანდა" - საპროტესტო აქცია ჰოლანდიის საელჩოსთან.
ბარისახოს ამბულატორიას საჩუქრად ექოსკოპიის აპარატი გადაეცა
ბარისახოს ამბულატორიას საჩუქრად ექოსკოპიის აპარატი გადაეცა.
"იმათი განკითხვის დღე უნდა დადგეს" - ყრილობა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით
"იმათი განკითხვის დღე უნდა დადგეს" - ყრილობა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.
თავს არავის დავაჩაგვრინებთ - მეუფე იაკობი
თავს არავის დავაჩაგვრინებთ - მეუფე იაკობი.
კანცელარიასთან 17 მაისს მომხდარი "ველური ქმედებები" გააპროტესტეს
კანცელარიასთან 17 მაისს მომხდარი "ველური ქმედებები" გააპროტესტეს.
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის წინასამაგისტრო პროგრამის დახურვის ცერემონია გაიმართა
ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის წინასამაგისტრო პროგრამის დახურვის ცერემონია გაიმართა.
"რეჟიმი უნდა გასამართლდეს" - სპორტის სასახლეში ყრილობა გაიმართება
"რეჟიმი უნდა გასამართლდეს" - სპორტის სასახლეში ყრილობა გაიმართება.
"უფლის დაცვა გინებით, გაუმართლებელია" - დედა სიდონია
"უფლის დაცვა გინებით, გაუმართლებელია" - დედა სიდონია.