13:21 / 20-06-2012
აფხაზურ გამოცემაში ჩემი ნათქვამი შეკუმშული და დანაწევრებულია - ბესო ხვედელიძე
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
როგორც ხვედელიძემ "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, ნადეჟდა ვენედიქტოვას სტატიაში მისი ნათქვამი შეკუმშული და დანაწევრებულია.
სოხუმში მცხოვრები რუსი ჟურნალისტისა და მწერლის, ნადეჟდა ვენედიქტოვას მტკიცებით, "ცნობილი ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, ხოლო მეორე ქართველმა პროზაიკოსმა ბესო ხვედელიძემ აფხაზეთში მცხოვრები იმ ქართველების გამო მოიხადა ბოდიში, რომლებიც 1992 წელს ქართული ჯარის წინააღმდეგ იარაღით ხელში აფხაზების გვერდით არ დადგნენ".
ვენედიქტოვას განმარტებით, იგი ქართველ მწერლებს ერევანში, ლიტერატურული ალმანახი Южный Кавказ-ის მეორე ნომრის პრეზენტაციაზე შეხვდა.
"ცნობილმა ქართველმა მწერალმა დათო ტურაშვილმა ერევანში განაცხადა, რომ პირადად აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. მეორე დღეს ასეთივე პრეზენტაციაზე არანაკლებ პოპულარულმა ქართველმა პროზაიკოსმა ბესო ხვედელიძემ სტეპანაკერტში კამერების წინ ბოდიში მოიხადა იმ ქართველების გამო, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ და იარაღით ხელში აფხაზების გვერდით არ დადგნენ მაშინ, როცა ჩვენს პატარა ქვეყანაში 1992 წლის 14 აგვისტოს ქართული ჯარები შემოვიდნენ", - ნათქვამია ვენედიქტოვას სტატიაში.
იმავე გაზეთში სტატიის ავტორი აღნიშნავს - "ჩვენს ქვეყნებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ის, რომ ორ ქართველ მწერალს ეყო ვაჟკაცობა, ამგვარი განცხადებები საჯაროდ გაეკეთებინა, პირადი კონტაქტების სარგებლიანობაზე მიუთითებს".
რაც შეეხება დავით ტურაშვილის განცხადებას, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, ბესო ხვედელიძის ინფორმაციით, ტურაშვილმა ამ თემაზე იხუმრა.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა ვაღიარო ქვეყნის დამოუკიდებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე ვარ? - დათო ტურაშვილი







































