19:39 / 16-05-2012
მერიის სარეზერვო ფონდისთვის 3 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხს საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კამათი მოჰყვა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
თანხა პროგრამაში "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" გაწეული ეკონომიის ხარჯზე გამოიყოფა. საკითხი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა გობეჯიშვილმა წარუდგინა.
საკრებულოს წევრები თინა ხიდაშელი, ზურაბ აბაშიძე, ზაზა გაბუნია და სხვები ითხოვდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაში დაიხარჯებოდა 3 მილიონი ლარი.
ხიდაშელმა მოითხოვა, რომ საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მაინც წარმოედგინა პაატა გობეჯიშვილს დოკუმენტები, თუ რაში დაიხარჯებოდა 3 მილიონი ლარი. ასევე, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მოითხოვა იმ კომპანიების მონაცემები, რომლებმაც კოლექტორებთან და სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერებში 2008 წლიდან დღემდე გაიმარჯვეს.
მისი თქმით, 2009 წლის 25 ნოემბრიდან, თბილისის წყლის გასხვისების შემდეგ, გაურკვეველია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სანიაღვრე ქსელების მოწესრიგებაზე.
პაატა გობეჯიშვილის განცხადებით კი, 3 მილიონი ლარი მოხმარდება სტიქიით დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანას და სახლების აღდგენას. მისი თქმით, თანხების განკარგვა მოხდება რაიონული გამგეობების ხელმძღვანელების მიერ.









































