გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თეიმურაზ ბააცაშვილი და ასევე, წარსულში ნასამართლევი თეონა ყოლბაია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული თეონა ყოლბაია და თეიმურაზ ბააცაშვილი სათამაშო იარაღით შეიარაღებულები აყაჩაღებდნენ კერძო ტაქსის მფლობელებს. წინასწარ შერჩეულ ადგილას აჩერებდნენ ტაქსის, რის შემდეგაც მიჰყავდათ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და სათამაშო იარაღის მუქარით ართმევდნენ ფულად თანხას, მობილურ ტელეფონს და ავტომანქანას, ხოლო მძღოლს ტოვებდნენ შემთხვევის ადგილზე. გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ მათ მიერ ასევე დაყაჩაღებულია უზნაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია, საიდანაც გაიტაცეს 250 ლარი.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ბ და გ პუნქტებით. გამოძიებას შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.