15:05 / 31-05-2012
"დექსუსმა" "ისნის სავანის" შეჩერებული მშენებლობა განაახლა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ისანში, დოდაშვილის ქ.#18-ში მდებარე საცხოვრებელი კომერციული კომპლექსი "ისნის სავანეს" მობინადრეებს კომპანია "დექსუსის" დამფუძნებელი ირაკლი კილაურიძე შეხვდა. მან მობინადრეებს მშენებლობასთან დაკავშირებული დეტალები გააცნო. კილაურიძის თქმით, "ისნის სავანე" 18 თვეში დასრულდება. აღნიშნულ კორპუსში ბინებს 147 ოჯახი მიიღებს.
დოდაშვილის ქ.#18-ში მშენებარე კორპუსის საერთო ფართი 20 ათასი კვადრატული მეტრია. მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, თუმცა ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც კომპლექსი შენდებოდა, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. შესაბამისად, უნებართვო მშენებლობის გამო სამშენებლო სამუშაოები სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა.
აღნიშნულ კორპუსს აშენებდა ამხანაგობა "ისნის სავანე". მისმა წარმომადგენლებმა დახმარებისთვის მერიას მიმართეს, რომელიც მათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4 ათასზე მეტი კვადრატული მიწის ფართობის დაჩქარებული წესით შესყიდვაში დაეხმარა.
ამ გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებელი გახდა 6 წლის განმავლობაში შეჩერებული მშენებლობის დასრულება. მშენებლობას თავის დროზე კომპანია "ვალენსია" აწარმოებდა. კომპანია "დექსუსმა" ამხანაგობა "ისნის სავანეს" მშენებლობის რეაბილიტაციის გეგმა შესთავაზა და ამიტომ ამხანაგობამ არჩევანი "დექსუსზე" შეაჩერა.
შეცვლილი პროექტის მიხედვით, მობინადრეებს კვადრატულ მეტრზე 100 აშშ დოლარის დამატება მოუწევთ. პროექტის ღირებულებაა 8.5 მლნ ლარი. "დექსუსი" საწყის ეტაპზე მშენებლობისათვის საჭირო მლნ ლარის ინვესტიციას მოიზიდავს.








































